მესამე დოზასა და მეორე „ბუსტერზე“ იმატებს რეგისტრაცია, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ მოსახლეობა აქტიურობს, თუმცა დღეში 600 აცრა ზღვაში წვეთია, ჩვენ გაცილებით მეტი გვჭირდება, „ბუსტერიზაცია“ სერიოზულად იცავს, – ამის შესახებ დაავადებათაკონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ვაქცინაციის სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, იმუნიზაციის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა „ოდნავ მოიმატა“.
„აცრის რაოდენობის ოდნავი მატება გვქონდა, თუ დღეში საშუალოდ 300-400 აცრა იყო, ახლა 600-მდე გვქონდა. განსაკუთრებით მესამე დოზასა და მეორე „ბუსტერზე“ იმატებს რეგისტრაცია, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ მოსახლეობა აქტიურობს, უფრო მიდიან. დღეში 600 აცრა ზღვაში წვეთია, ჩვენ გაცილებით მეტი გვჭირდება. მოზრდილი მოსახლეობის „ბუსტერით“ მოცვის მაჩვენებელი 10%-მდე გვაქვს, ჩვენ გვინდა რომ 30-40% და მეტი იყოს, რათა მშვიდად შევხვდეთ შემოდგომას. საჭიროა მოწოდება იმუნიზაციაზე. ვინც არ არის აცრილი, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ მოსახლეობამ გაიკეთოს პირველი და მეორე დოზა, შემდეგ “ბუსტერი”. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ „ბუსტერიზაცია“ სერიოზულად იცავს“, – აღნიშნავს გამყრელიძე.
გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ ვინ შეუძლია აიცრას „მეორე ბუსტერ“ დოზით. როგორც ის აღნიშნავს, 18 წელს ზემოთ ადამიანები მაშინ იცრებიან, თუ მათ შესაბამისი სამედიცინო ჩვენება აქვთ. 18 წელს ზემოთ მოქალაქეების თავისუფალ აცრაზე კი მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს.
„50 წელს ზემოთ, სურვილის მიხედვით თითოეულ მოქალაქეს შეუძლია აცრა. რაც შეეხება 18 წელს ზემოთ მოზრდილ მოსახლეობას, იქ დადგენილია, რომ თუ მათ აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადება, რისკ ჯგუფებში თუ შედიან და აქვთ დაავადებები, რომელიც იწვევს იმუნური სისტემის კომპრომეტაციას, მაშინ შესაბამისი ცნობის საფუძველზე იცრებიან. ასევე იცრებიან იმ შემთხვევაში, თუ ისეთ ქვეყანაში მიდიან, სადაც ითხოვენ, რომ გარკვეული დროის შუალედით აცრა ჰქონდეს პირს გაკეთებული. რაც შეეხება თავისუფალ აცრას, გიდასტურებთ, რომ ამის განხილვა იყო. ჯერ კიდევ მიმდინარეობს დამატებითი მასალების მოძიება, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების მიმოხილვა, შემდგომ იმუნიზაციის საბჭო განიხილავს თავისუფალი აცრის საკითხს. 18 წელს ზემოთ ადამიანები დღესაც იცრებიან, თუ მათ აქვთ შესაბამისი სამედიცინო ჩვენება“, – აღნიშნავს გამყრელიძე.