ცერცვაძე: თუ ახალი შემთხვევების რაოდენობა განახევრდება, შესაძლებელი იქნება ტურისტული სეზონის გახსნა

674

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერვაძე ამბობს, რომ თუკი დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ახალი შემთხვევების რაოდენობა განახევრდება, მაშინ შესაძლებელი იქნება ტურისტული სეზონის გახსნა. ამაზე მან აჭარის მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

“როგორი მდგომარეობაც დღესაა, ცოტა ძნელი იქნება ტურისტული სეზონის გახსნა. რთული საკითხია ტურისტული სეზონის გახსნა, მაგალითად, იტალია ამბობს, რომ ის წლის ბოლომდე ვერ გახსნის”,- განაცხადა ცერცვაძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.