ნათია მეზვრიშვილი ვარაუდობს, რომ ღია რესტორნები დაგეგმილზე ადრე გაიხსნება

756

ვინაიდან შეზღუდვების გარკვეულწილად ვადაზე ადრე ნაწილობრივ მოხსნა დავიწყეთ, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ მომდევნო ეტაპიდან რა შეიძლება წინა ეტაპზე გადმოვანაცვლოთ, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება ღია რესტორნების ნაწილის გახსნამ გარკვეული ვადით გადმოიწიოს, სილამაზის სალონები კი უფრო მეტად რისკის შემცველია და ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალისტების რჩევებზე დაყრდნობით ამ საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს. შეზღუდვების ხანგრძლივი ვადით არსებობა ჩვენი თვითმიზანი არ არის, გვესმის ეს ყველაფერი რა გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ როგორც კი სიტუაცია ამის შესაძლებლობას მოგვცემს, შეზღუდვები გაცილებით ადრე რისკების მართვით, თანმიმდევრუდალ მოვხსნათ. შეიძლება ღია რესტორნების ნაწილის გახსნა გარკვეული ვადით გადმოიწიოს, სილამაზის სალონები უფრო მეტად რისკის შემცველია და ყველაფერზე მსჯელობა მიმდინარეობს. იქ სადაც შესაბამისი წესების დაცვის შესაძლებლობა იქნება, რა თქმა უნდა ნებისმიერ საქმიანობას განვიხილავთ“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.