65 ათასიდან 100 ათას ქულამდე მქონე ოჯახებისთვის კომპენსაცია ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად გაიცემა – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა.
ივანე მაწავარიანმა კიდევ ერთხელ განმარტა რას გულისხმობს სოციალური დახმარების პაკეტი, ვინ არიან ბენეფიციარები და რა ოდენობის დახმარებას მიიღებენ ისინი.
„ჩვენ უკვე დავაინიცირეთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი და ეს შეეხება იმ სოციალურ პაკეტს, რომელზეც არაერთხელ თქმულა და ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გამართა პრეზენტაცია. შეგახსენებთ ამ კომპენსაციის გაცემის როგორც წესს, ასევე იმ ექვს მიზნობრივ ჯგუფს, რომლებსაც ეხებათ დახმარებები. პირველი ბლოკი სამი ჯგუფისგან შედგება და ეს არის დასაქმებასთან და შემოსავლის დაკარგვასთან დაკავშირებული კომპენსაციები, ეხება, იმ დაქირავებით დასაქმებულ პირებს, რომელთაც 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასი საგადასახადო ორგანოში დამსაქმებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეუწყდათ, ასევე შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა ან აღარ იღებენ ხელფასს. ამ შემთხვევაში ეძლევათ 200 ლარიანი კომპენსაცია პირველი მაისიდან ექვსი თვის განმავლობაში, ჯამში 1200 ლარი. შემდეგი ჯგუფია ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თუ მათ უფიქსირდებოდათ ეკონომიკური აქტივობა ან შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან 2020 წლის პირველ აპრილამდე, ეძლევათ ერთჯერადი კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს ეხება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებსაც, თუ მათ ეს სტატუსი უკვე მინიჭებული ჰქონდათ 2020 წლის პირველ აპრილამდე. დასაქმებასთან და შემოსავლის დაკარგავსთან დაკავშირებული მესამე ჯგუფია ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან, გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა, წარადგენს დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან ჰქონდა შემოსავალი და მათაც ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება ექნებათ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მიზნობრივი დახმარების მეორე ბლოკი სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები არიან.
„მიზნობრივი ჯგუფების მეორე ბლოკში ასევე სამი ჯგუფი შედის – სოციალური დახმარების პაკეტი მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ეს არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65 ათასზე და ნაკლებია 100 ათასზე. ამ შემთხვევაში ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად ეძლევათ კომპენსაცია 2020 წლის მაისიდან ექვსი თვის განმავლობაში. ერთი წევრისგან შემდგარ ოჯახზე დახმარებაა 70 ლარი, ორი წევრისგან შემდგარ ოჯახზე – 90 ლარი, სამი და მეტი წევრისგან შემდგარ ოჯახზე, თითოეულ წევრზე 35 ლარი ოდენობით. შემდეგი ჯგუფი არის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 ათას სარეიტინგო ქულამდე მქონე ოჯახები, რომელთაც ჰყავთ სამი ან სამზე მეტი 16 წლამდე ასაკი ბავშვი, მათ ეძლევა კომპენსაცია 100 ლარი ოჯახზე, ექვსი თვის განმავლობაში, ჯამში 600 ლარი. ასევე ამ ბლოკში შედის ჯგუფი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისა და შშმ ბავშვების, რომელთაც ეძლევათ კომპენსაცია 100 ლარის ოდენობით, ექვსი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.