“კორპუსი გვენგრევა” – ქარელის მერიას დახმარებას სთხოვენ

361

ქარელში სატყეოს კორპუსში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 15 ოჯახი მერიას დახმარებას სთხოვს. მათი თქმით, კორპუსის სახურავს სასწრაფოდ შეკეთება სჭირდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“სახურავი ძალიან არის დაზიანებული. როცა წვიმს, წყალი სახლებში ჩამოგვდის”, – ამბობენ ადგილობრივები.

მათივე ინფორმაციით, მერია პრობლემის მოგვარებას ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამით სთავაზობს.

“მერია გვეუბნებაა თანადაფინანსებით გაგიკეთებთო, თითო ოჯახს 300 ლარის დადება გვიწევს, რაც არ გვაქვს. აქ ყველა სოციალურად დაუცველი ან დევნილია, მაგ თანხას ვერ დავდებთ. თვითონ ამდენ ფულს კონცერტებში და საახალწლო განათებებში ხარჯავენ და 3 000 ლარი ვერ გამონახეს სახურავი რომ შეცვალონ”, – ამბობს თაზო ემანულიძე.

ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, კორპუსში ცხოვრება კიდევ უფრო საშიში ხდება.

საკითხის გარკვევის მიზნით, “ რადიო მოზაიკა” ქარელის მერიას დაუკავშირდა, სადაც გამოცემას განუცხადეს, რომ კორპუსის შეკეთების ერთადერთი გზა თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობაა.

“პროგრამა გვაქვს და ამ პროგრამის ფარგლებში 90 პროცენტს მერია აფინანსებს, ხოლო, პროცენტს იხდის ამხანაგობა. ყველა კორპუსის რეაბილიტაცია ამ პროგრამით ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულებაც მათივე, ანუ ამხანაგობის მიერვე წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით იანგარიშება”, – განაცხადა მერის მოადგილე ნათია მაწონაძემ.