დაბა ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგების მიზნით ტენდერი გამოცხადდა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი 24 აპრილს გამოაცხადა. სატენდერო წინდადებების მიღება 18 მაისს დასრულდება.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ლეღვანის წყლის სათავე ნაგებობას, რომელიც გასული წლის ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა და დაბის, სოფელ საღანძილისა და დიდვაკის მოსახლეობას ამარაგებდა წყლით. ასევე, მოეწყობა ახალი ჭაბურღილი დაბა ხარაგაულში.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 3, 5 მილიონ ლარზე მეტია.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცემული ზოგადი რეკომენდაციების დაცვა აღნიშნული რეკომენდაციების მოქმედების პერიოდში.