ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 11 სახეობის 700-ზე მეტი ხე-მცენარე ახალ უბანში და რუსთაველის ქუჩაზე არსებულ სკვერებში გადანაწილდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ნარგავები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა, მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ და საკრებულოს დეპუტატმა ლევან ლონდარიძემ დაათვალიერეს.
„გასული წლის ბოლოს, ქალაქის 2 უბანში სკვერების მოწყობის მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, მომდევნო ეტაპი კი მათი გამწვანება იყო. შესყიდული ნარგავები, არსებულ სკვერებს კიდევ უფრო გაალამაზებს და მიმზიდველს გახდის როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ჩვენი ქალაქის სტუმრებისთვის,“- ამბობს დავით ზაალიშვილი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, გამწვანების აქცია შემოდგომაზეც გაიმართება.
დარგვის სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პროცესში ჩართულები არიან ა(ა)იპ გამწვანების სამსახურის თანამშრომლები.