ქვემო ქართლის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. რუსთავისა და გამარჯვების სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რაიონული შენობები პირადად მოინახულა და სოფელ გამარჯვების რაიონულ სამსახურს სასწრაფო დახმარების სრულად აღჭურვილი ავტომობილი გადასცა.
ამასთანავე, სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.