გახარია: შესაძლებელია, კვირის ბოლოს თბილისი და რუსთავი გაიხსნას

3380

თბილისსა და რუსთავში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის საკითხი კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

„რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მოგვიწია გარკვეული ქალაქების ჩაკეტვა. ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე არსებული ყველა შეზღუდვა მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვები რუსთავსა და თბილისში, რაც პირდაპირ უკავშირდება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მომიჯნავე რაიონებში. თუმცა, უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე ეს საკითხი დადებითად გადაწყდება თბილისსა და რუსთავშიც“, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, ხვალ, 5 მაისიდან გაიხსნება ბათუმი და ქუთაისი. მისივე თქმით, ამ ქალაქებში მოიხსნება ყველა სახის შეზღუდვა გადაადგილებაზე. პრემიერს არ დაუკონკრეტებია გულისხმობს თუ არა ეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნას.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.