გახარია: მერწმუნეთ, ყველა ის ადამიანი, ვინც სამსახური დაკარგა, მიიღებს მხარდაჭერას

1015

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებისა და მთავრობის დადგენილებაის ინიცირება მოხდება, რაც საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებას და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას მოიცავს.

“დღეს მთავრობის ერთ-ერთი განხილვის საგანი იქნება ის სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებები, რომელიც ჩვენ უკვე დავგეგმეთ და წარვუდგინეთ საზოგადოებას. ჩვენ მოვახდენთ როგორც „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების, ასევე მთავრობის დადგენილების ინიცირებას. „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შეეხება იმ მასტიმულირებელ ღონისძიებებს, რომელიც მიღებული იქნა საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების თვალსაზრისით კომპანიებისთვის, რომელიც პირდაპირაა მიმართული, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ხოლო მთავრობის დადგენილება მიმართული იქნება იმ სოციალური ღონისძიებების დასამტკიცებლად, რომელიც გულისხმობს იმ მოქალაქეების მხარდაჭერას, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. მერწმუნეთ, ყველა ის ადამიანი, ვინც სამსახური დაკარგა, მიიღებს ასეთ მხარდაჭერას”, – აღნიშნა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ფერმერების მხარდაჭერის ეფექტური და ქმედითი გეგმა, რომელსაც უახლოეს დღეებში წარადგენს.

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სოფლის აღორძინება, ფერმერების მხარდაჭერა დღეს სრულიად ახალ ფასეულობას და განზომილებას იძენს იმ გამოწვევების პარალელურად, რომლებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით თუნდაც სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით”, – აღნიშნა პრემიერმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.