მარტვილის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და სოფლის ამბულატორიის ექიმები მოსახლეობას სახლში აკითხავენ და ტემპერატურას უზომავენ.
მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგის პროცესის მონიტორინგს მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულებში მარტვილის მერის წარმომადგენლები გაუწევენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებები რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ტარდება.
მარტვილის მერის, ალექსანდრე გრიგალავას განცხადებით, თერმოსკრინინგი, რომელიც დღეს დაიწყო, მოიცავს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს, ჯამურად, 43 000-მდე მოქალაქე შემოწმდება.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში “კოვიდ 19”-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა, ამ დრომდე, არ გამოვლენილა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 566 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 184 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.