დღეს ქუთაისში მუშაობის განახლების უფლება კიდევ ერთ აგრარულ ბაზარს მიეცა

466

ქუთაისში მუშაობის განახლების უფლება კიდევ ერთ აგრარულ ბაზარს მიეცა. ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ღია ტიპის აგრარული ბაზრობის გახსნის პროცესს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ერემიშვილი ესწრებოდნენ.

აგრარული ბაზრების გახსნა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმის მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბაზრების ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველყოს მომხარებელთა ნაკადურობის დაცვა, რისთვისაც საჭიროა, მკაცრად განისაზღვროს და გაიმიჯნოს ბაზრის ტერიტორიაზე მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით; როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, სამუშაო ადგილზე, სამუშაოს დაწყების წინ მოახდინოს მოვაჭრე პერსონალის იდენტიფიკაცია, გააკონტროლოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და აღრიცხოს იგი მისთვის ხელსაყრელი მეთოდით;

გარკვეული წესები უნდა დაიცვას ბაზარში შესულმა მომხმარებელმაც: აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა განახორციელონ მხოლოდ მითითებული სავალდებულო ნიშნის მიხედვით; დაიცვან სოციალური დისტანცია არანაკლებ 2მ მანძილისა; სურსათთან შეხება განახორციელოს მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანის ან ერთჯერადი პლასტიკის პარკის გამოყენებით; გამოიყენონ პირბადე.

აგრარულ ბაზრებში რეკომენდაციების დაცვას ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს.

27 აპრილიდან აგრარული ბაზრების გახსნა დაიწყო და ქუთაისის ერთ-ერთი ბაზარიც ამ დღეს გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 566 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 184 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.