გორის ცენტრალური ქუჩების სავალი ნაწილი და ტროტუარები სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა

850

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარებას აქტიურად აგრძელებს.

გორის მერიის ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და სპეციალური საშუალებებით დამუშავდა ქალაქის ცენტრალური ქუჩების სავალი ნაწილი და ტროტუარები. ასევე, ქალაქში არსებული სკვერების, ბავშვთა გასართობი სივრცეების, მიწისქვეშა გადასასვლელების, აგრომაღაზიების, ქსელური სუპერმარკეტების, ბანკების, აფთიაქების, საავადმყოფოებისა და სხვა ხალხმრავალი ადგილების მიმდებარე ტერიტორიები.

„სადეზინფექციო სამუშოები მომავალშიც ჩატარდება“, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 566 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 184 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.