მგზავრებს თერმოსკრინინგით გოდერძის უღელტეხილზეც შეამოწმებენ

619

დღეიდან მობილური ჯგუფი მგზავრებს თერმოსკრინინგს გოდერძის უღელტეხილზეც ჩაუტარებს.

ადიგენი-ხულოს დამაკავშირებელი გზა, რომელიც ზამთარში ჩაკეტილი იყო, უკვე გახსნილია. ყველა მგზავრი თერმოსკრინინგს დაექვემდებარება.

„გუშინ ვიყავით გოდერძის უღელტეხილზე და მობილური ჯგუფის საქმიანობას ადგილზე გავეცანით. ეს ზომები აუცილებელი იყო. ვინაიდან გახსნილია უღელტეხილი, მალე მგზავრთა ნაკადიც გაიზრდება, თუმცა, ბუნებრივია, ამ დროისთვის მოძრაობა ინტენსიური არ არის. დღეს ერთი მგზავრი უკვე შემოწმდა, მას არ აღმოაჩნდა საეჭვო სიმპტომები. შესაბამისად, მიეცა გზის გაგრძელების საშუალება“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.

ზამთრობით გოდერძის უღელტეხილი დიდთოვლობის გამო იკეტება და ამ პერიოდში მთიან აჭარაში მოხვედრა მხოლოდ ბათუმის გავლით არის შესაძლებელი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 566 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 184 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.