იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მაღალი გამავლობის სახანძრო მანქანები შეემატა.
2 სახანძრო მანქანა უწყებამ საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიიღო. მანქანები მაღალი გამავლობითა და მაღალი წნევით გამოირჩევა, რაც, მუნიციპალიტეტის რთული რელიეფის გათვალისწინებით, იდეალურია, ვინაიდან ახლა უკვე რთულად მისაღწევ ადგილებში ცეცხლის ჩაქრობა, სანამ ის დიდ ფართობს მოედება, მეხანძრე მაშველებს გაუადვილდებათ.
“ბორჯომში ძალიან დიდი ტყის მასივები გვაქვს. ამასთან, ძალიან რთული რელიეფია – კლდოვანი. ტყე კი – ადვილად აალებადი. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. იყო შემთხვევები, რომ ცეცხლს რამდენიმე კვირა ვებრძოდით. მანქანები, რომლებიც იაპონიის საელჩომ გადმოგვეცა, განსაკუთრებით რთულ პირობებში ძალიან გვეხმარება. კომპაქტური მანქანაა და ტექნიკურად ძალიან მაღალი მონაცემები აქვს. 35-გრადუსიან დახრილობის მქონე ფერდობზეც კი შეუძლია, დაახლოებით 300-400 მეტრის სიშორიდან წყალი მოგვაწოდოს“, – აცხადებს ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი, ირაკლი მაისურაძე.
პროგრამას – მწვანე და ადამიანზე მორგებული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მაღალი წნევისა და გამავლობის მანქანები გადაეცა, იაპონიის საელჩო 1998 წლიდან ახორციელებს. 20 წლის განმავლობაში საელჩომ 18 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 180-მდე პროექტი დააფინანსა, მათ შორისაა ისეთი საჭირო პროექტები, როგორიცაა სკოლების, საბავშვო ბაღების, სამედიცინო დაწესებულებებისა და სოციალური სახლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა, სარწყავი და სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, ნარჩენების მართვის ტექნიკის შეძენა და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.