პანდემიის გამო აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა 15 მაისამდე გაგრძელდა.
შეზღუდვები ეხება სასწავლო დაწესებულებებს, მუზეუმებს, სასტუროებს. კვების ობიექტებს, კულტურულ, სპორტული ღონისძიებებს, ქორწილებს, აგრარული ბაზრები კი კვირაში 3 დღე იმუშავებს.
საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა დეფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.
აფხაზეთში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ ცნობა 7 აპრილს გავრცელდა.
დეფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, სულ 3 დადასტრურებული შემთხვევაა. აქედან 2 გამოჯანრთელდა, 1 გარდაიცვალა.
პანდემიის გამო აფხაზეთში კარანტინი 25 მარტს შემოიღეს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.