საქმიანობის აღდგენის მოთხოვნის მიზნით, კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დარეგისტრირება უკვე შეუძლიათ. სარეგისტრაციო აპლიკაცია სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
მისი შევსებისთანავე, კომპანიები იმ დღესვე გაიგებენ თავიანთ სტატუსს, რამდენად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციებს იმისთვის, რომ საქმიანობა დაიწყონ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანიაში ხარვეზები გამოვლინდება, ის დამატებით რეკომენდაციებს მიიღებს და მიეცემა ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა. აღნიშნული აპლიკაციით 1 000-ზე მეტი კომპანიის შემოწმება იგეგმება.
აუცილებელია, რომ ბიზნესსექტორი აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს, ფუნდამენტურ მოთხოვნად კი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების შესრულება სახელდება, რათა მაქსიმალურად მოხდეს, ერთი მხრივ, ინფექციის გავრცელების პრევენცია და ამასთან, ეკონომიკის ამოქმედების პროცესი იყოს მდგრადი.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.