კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, აღმაშენებლის გამზირსა და მარჯანიშვილის ქუჩაზე ჩატარდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.
სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად გაეცნო.
„დედაქალაქის მასშტაბით გზის მორეცხვის სამუშაოები გრძელდება. დღეს სადეზინფექციო სამუშაოები მარჯანიშვილი ქუჩას და აღმაშენებლის გამზირს ჩაუტარდა. დამუშავდა როგორც გზის სავალი ნაწილი, ისე ტროტუარები და ნაგავშემკრები კონტეინერები. სამუშაოები თბილისის მასშტაბით მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
მერიის ინფორმაციით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა რუსთაველის, ჭავჭავაძის, პეკინის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსის, მოსკოვისა და დუმბაძის გამზირებს. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოირეცხა „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორია, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ქუჩის ნაწილი, კოსტავას, მელიქიშვილის, ქავთარაძის, კანდელაკის, დადიანის, გლდანის რაიონსა და დიდ დიღომში მდებარე ქუჩები.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, მოირეცხა მშვიდობის ხიდიც.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.