აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

446

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ის ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე აცხადებს, 24 საათის განმავლობაში 210 პირს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, საიდანაც ვირუსი ერთს დაუდასტურდა.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებლი 60 წლის ქალი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„ის ეკუთვნის ქობულეთის კლასტერს, ამ ხნის განმავლობაში იმყოფებოდა იზოლაციაში და სხვა პირებთან ურთიერთობა არ ჰქონია, არც ერთი მისი ოჯახის წევრი ინფიცირებული არ ყოფილა“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.