თირკმლის უკმარისობით დაავადებული ადამიანებისთვის ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსება გაიზარდა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხების დამატებით გამოყოფის თაობაზე. ცვლილებების გათვალისწინებით, თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირებისთვის ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსება გაიზარდა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის, ტრანსპორტით გადაადგილებისათვის ყოველთვიურად 150 ლარი იქნება გათვალისწინებული, რაც 50-ლარიან მატებას ითვალისწინებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.