გურჯაანის ,,გლეხური ბაზარი”, ჯერჯერობით, არ გაიხსნება

430

გურჯაანის “გლეხური ბაზარი”, ჯერჯერობით, არ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯააის ტელევიზია ავრცელებს.

ბაზრის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებს ვერ შაესრულებენ. მათ საკუთრებაში არსებული ტერიტორია სრულად უნდა მოაწესრიგონ. რა დრო დასჭირდება პრობლემის მოგვარებას, ჯერ არ იციან.

24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყო.  27 აპრილიდან აღდგა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ “ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული”.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.