ლანჩხუთის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელიც 30 აპრილისთვისაა ჩანიშნული, საკრებულოს წევრებს ერთ-ერთ საკითხად მოუწევთ იმსჯელონ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის #38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . ამის შესახებ ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მართალია, ლანჩხუთის მერის წარმომადგენლები და მათი თანაშემწეები ადმინისტრაციულ ერთეულებში, დღესდღეობით, საჯარო მოხელის სტატუსით სარგებლობენ, თუმცა, თუ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო საკითხს დადებითად გადაწყვეტს, ისინი ამ სტატუსის გარეშე დარჩებიან და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა სტატუსი მიენიჭებათ. ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე უკვე გადაწყვეტილია და საკრებულოს წევრებს, ფაქტობრივად, ფორმალურად მართებთ საკითხზე მსჯელობა.
მიმდინარე წლის თებერვალში ცვლილება შევიდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში და “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონში.
კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, აღნიშნული ცვლილებით დაზუსტდებოდა სახელმწიფო მოსამსახურის ცნება, ამასთან, აღმოიფხვრებოდა კანონის არსებული ბუნდოვანება კონკრეტული პირების სტატუსთან დაკავშირებით.
“დღეის მდგომარეობით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა უმრავლესობა პროფესიული საჯარო მოხელის პოზიციებს იკავებს, თუმცა, მათ მიერ შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობები განსხვავდება პროფესიული საჯარო მოხელის მიერ შესასრულებელი ფუნქციებისგან, რომელიც საჯარო დაწესებულების ძირითადი მიზნების შესრულებას უნდა ემსახურებოდეს. მერის წარმომადგენელთა საქმიანობა მიზანშეწონილია, დაექვემდებაროს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირთა კატეგორიას, ვინაიდან მერის, როგორც აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის და მუნიციპალიტეტის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილება ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის მუნიციპალიტეტის შემადგენელ ადმინისტრაციულ ერთეულებში და პასუხისმგებელია მერიის პოლიტიკის გატარებაზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე”, – ნათქვამი იყო აღნიშნული დოკუმენტის ახსნა-განმარტებით ნაწილში.
ცვლილება საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის თებერვალში დაამტკიცა და ახლა კანონის აღსრულებისთვის ჯერი ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებზეა.
ოპოზიციის აზრით, ეს ცვლილება უფრო მეტად მომავალ არჩევნებს უკავშირდებოდა, ვიდრე კანონში რაიმე სახის ბუნდოვანების აღმოფხვრას, რადგან ხელშეკრულებით აყვანილი პირების მართვა გაცილებით იოლია.