რა ვადაში მოხდება კომპენსაციის გაცემა თვითდასაქმებულებზე – ლაშა ხუციშვილის განმარტება

1026

კომპენსაციის გაცემის წესი იდენტიფიცირებული და არაიდენტიფიცირებული თვითდასაქმებულებისთვის განსხვავებული იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ პრეზენტაციისას განაცხადა.

„იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში ეს იქნება ძალიან მარტივი, 10 სამუშაო დღის განმავლობაში სააგენტო დაადარებს შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ბაზებს, განაცხადებს და ამ ვადებში მოხდება. ხოლო რაც შეეხება არაიდენტიფიცირებულ თვითდასაქმებულებს, ამ ნაწილში დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილავს წარმოდგენილ ელექტრონულ განაცხადს, დააჯგუფებს მათი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების სპეციფიკის მიხედვით და 2 კვირის განმავლობაში გადაწყვეტილების მისაღებად სიას წარუდგენს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შემქნილ უწყებათშორის კომისიას, ხოლო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ 10 დღის ვადაში მოხდება აღნიშნული კომპენსაციის მიღება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მათ, ვინც სამსახური დაკარგეს, თვეში 200-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო თვითდასაქმებულები კი – ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.