კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ

621

კახა კალაძის განცხადებით, COVID 19-ის პრევენციის მიზნით თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნებიან ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღებს. კალაძემ აღნიშნა, რომ ვაქცინის გამოშვებამდე მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევს.

„რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას, მაშინ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი,როდესაც დარგის სპეციალიტების მხრიდან მითითებები გაკეთდება. რა თქმა უნდა, ადამიანებზე, რიგით მოქალაქეებზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩვენ გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მიუთითებენ, თუ როგორ უნდა დასხდნენ და როგორ უნდა დადგნენ, მაგრამ საზოგადოების გონიერება და სიფხიზლე მაინც მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა კალაძემ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა თბილისში კორონავირუსის გამო 31 მარტიდან აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.