საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, დღეიდან თბილისში მცხოვრებლები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას სპეციალური საშვებით შეძლებენ.
ეს შესაძლებელი მხოლოდ დილის 06:00-დან 08:00-საათამდე, საღამოს, კი 18:00 საათიდან 19:00 საათამდე იქნება ნებადართული. სპეციალურ საშვებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს. მოქალაქეებმა, ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე, ნებართვის მისაღები ფორმა უნდა შეავსონ, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.