საქართველოში 40 000 PCR ტესტი და 20 ათასი ანტისხეულების ტესტი ჩამოვიდა

1321

დღეს დილით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეც რეისი ჩამოვიდა, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 52 ტონა ტვირთი ჩამოიტანა. მათ შორის: 40,000 PCR ტესტი და ამდენივე ექსტრაქციის ნაკრები, დიდი რაოდენობით პირადი დაცვის საშუალებები, კომბინეზონები, ხელთათმანები, ხალათები და სხვა სამედიცინო ნივთები. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

იგივე რეისით ჩამოფრინდა, დამატებით ანტისხეულების 20,000 ტესტი, რომელიც საქართველოს ჩინეთის მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა. მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საელჩო ჩინეთში.

ტვირთს აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დახვდა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. დაფრინდა ბოინგი, ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოში ჩამოიტანა 52 ტონა ტვირთი და ამ ტვირთში ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენს 40 ათასი PCR ტესტი, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია, ველოდებით.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ თვითმფრინავით ჩამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ნაჩუქარი 20 ათასი ანტისხეულების ტესტი. დანარჩენ ტვირთს კი წარმოადგენს პირადი დაცვის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ექიმების უსაფრთხო სამუშაო გარემოს კოვიდინფექციის გავრცელების პერიოდში.

გაწერილია ალგორითმი, ეს ალგორითმი ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება და ემატება სხვადასხვა ჯგუფი. ამ ეტაპისთვის ეს ტესტები ხმარდება მიზნობრივად იმ ჯგუფებს, რაც დღემდე იყო გაწერილი: ეს გახლავთ სიმპტომიანი პაციენტები, ასევე კარანტინში მოთავსებული პაციენტები და ყველა ის პირი, რომელსაც ჰქონდა კოვიდ დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი. ვაფართოებთ ამ კვირაში ტესტირებას იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებშიც ძალიან მაღალია რისკი და კიდევ დამატებით ვმუშაობთ იმ საკითხზე, თუ ვინ იქნება შემდეგი პრიორიტეტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

PCR ტესტები და ექსტრაქციის ნაკრები შეძენილი იქნა ჩინეთის მთავრობის მიერ ავტორიზირებული კომპანიებისგან. ჩარტერული რეისი, შეღავათიან ფასად განახორციელა ავიაკომპანია „ჯეოსქაი“-მ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.