აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე, 3 600 პირის გამოკვლევა მოხდა. მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიასა და სწრაფი ტესტირებით.
„ჯამში, ლუგარის ლაბორატორიაში 3100-ზე მეტი ნიმუშია ამ დროისთვის უკვე გამოკვლეული, 500 სწრაფი ტესტირება ჩატარდა სამედიცინო დაწესებულებში, სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, სტომატური პრობლემების მქონე პაციენტებში და ასევე ქობულეთის კლასტერთან კონტაქტირებულ 62 პირს ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება“,- აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ამ დროისთვის, აჭარის საკარანტინე სივრცეებში 1 327 პირი რჩება. სივრცეების შექმნიდან დღემდე, კარანტინის რეჟიმი მოეხსნა, 4 100-ზე მეტ პირს.
დღეის მდგომარეობით, ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 34 ინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან სტაბილურად კრიტიკული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის მართვით სუნთქვაზე რჩება.
აჭარაში, ვირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევიდან დღემდე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა. უწყების მინისტრის მოადგილის თქმით, 4 პაციენტმა, ბათუმის კლინიკა „მედალფა“ გუშინ დატოვა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში დღე-ღამის განმავლობაში, 130პირის ბიოლოგიური მასალა იქნა გატესტილი, აქედან კოვიდ დადებითი ერთი პირი აღმოჩნდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 60 წლამდე პირი, საქართველოში სარფის საბაჟოდან შემოვიდა. ის ამ დრომდე, საკარანტინე სივრცეში იყო განთავსებული.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.