ბაზრის დირექტორი: გორის ბაზარს, სავარაუდოდ, 15 მაისამდე ვერ გავხსნით

1026

იმ რეკომენდაციებს, რომელის შესრულებას სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს აკისრებს, გორის ბაზარი 2-3 კვირის მანძილზე ვერ გაითვალისწინებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გორის აგრარული ბაზრის, გეორგია 21-ეს დირექტორმა ნუგზარ აწკარუნაშვილმა განუცხადა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მისი თქმით, ბაზარმა გარკვეული სახის ღონისძიებები გაატარა, განსაუკუთრებით საბითუმო გაყიდვის სექტორში, თუმცა სავაჭრო ფართის სრულად ასათვისებლად მზაობა ჯერ არ არსებობს. აწკარუნაშვილის თქმით, გეორგია 21-ე სავარაუდოდ 15 მაისიდან ამუშავდება. შეგახსენებთ, 27 აპრილიდან საქართველოს მთავრობა გარკვეული მიმართულებით შეზღუდვების მოხსნას გეგმავს, მათ შორის, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვას.

გორში აგრარული ბაზრების გახსნა მეპატრონეების მიერ გატარებულ ღონისძიებებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ შიდა ქართლის სააგანგებო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის მფლობელებს შეხვდა და ის რეგულაციები შეახსენა, რომელსაც სავაჭრო ცენტრები უნდა აკმაყოფილებდეს. შიდა ქართლში, ყველა აგრარული ბაზარი 2020 წლის 4 აპრილიდან, დაიკეტა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეზღუდვები კასპის, ქარელისა და ხაშურის ბაზრებსაც შეეხო.

24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა დღეიდან, 27 აპრილიდან იწყება და ეტაპობრივად, 2-კვირიანი შუალედებით გაგრძელდება. 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.