ირაკლი ბენდელიანი: არსებობს მოლოდინი, რომ თბილისის ბიუჯეტი შემცირდეს

449

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და თბილისის ბიუჯეტზე ისაუბრა.

ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, ამჟამად, 550-დან 600-მდე ადამიანი 24 საათის განმავლობაში, შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით მუშაობს.

“ბუნებრივია, შეზღუდვებმა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაზეც იქონია გარკვეული სახის შეფერხებები, თუმცა მიუხედავად ამისა, სრული პასუსისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქალაქში მიმდინარე არცერთი ინფრასტრუქრტურული პროექტი არ გაჩერებულა. სამუშაოები იმავე რეჟიმში მიმდინარეობს და 24-საათიანი მობილიზება არსებობს. პროცესში ჩართული ყველა ადამიანი შესაბამისი ნიღბებითა და სადეზინფექციო საშუალებებით არის აღჭურვილი. ისინი მაქსიმალურად იცავენ უსაფრთხოების ნორმებს. გარდა ამისა, სამუშოების მიმდინარეობის პროცესში არიან ჩართული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, თბილისის განვითარების ფონდის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის, მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები და ა.შ. 24-საათიანი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, მინდა, თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ამასთან, თბილისის მერის მოადგილემ თქვა, რომ არსებობს მოლოდინი, დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტი შემცირდეს.

“არსებობს მოლოდინი, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გარკვეული თანხით შემცირდეს. ამის მიუხედავად, ჩვენს მიერ მაინც ცხადდება ყველა ტენდერი, ხოლო მას შემდეგ, რაც ბიუჯეტის მოცულობა და ოდენობა საბოლოოდ ჩამოყალიბდება, კონკრეტული პროექტების ხარჯვითი ნაწილი და სამუშაოების შესრულება დაიწყება”, – განაცხადა ირაკლი ბედნელიანმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მაქსიმალურად ცდილობს, გამოწვევებს გაუძლოს და ინფრასტრუქტურული სამუშაოების კუთხით, შეფერხება არ არსებობდეს.

24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა დღეიდან, 27 აპრილიდან იწყება და ეტაპობრივად, 2-კვირიანი შუალედებით გაგრძელდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.