ხმალაძე: ტაქსების მფლობელებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან, ნებართვები არ გაუუქმდებათ

435

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლიან, ნებართვები არ გაუუქმდებათ, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ სოციალური ქსელით ვიდეო მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ტაქსების მფლობელები სავალდებულო პროცედურის გავლას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეძლებენ.

საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა წარადგინა, შეზღუდვების მოხსნის პირველი დღეს, 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.