27 აპრილიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რომ აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.
„როგორც ცნობილია, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების შემსუბუქების ეტაპებად გაწერილი გეგმა შეიმუშავა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა პარასკევს წარადგინა;
აღნიშნული გეგმის შესაბამისად, ღონისძიებების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი 27 აპრილიდან ამოქმედდება.
ეს ნიშნავს იმას, რომ 27 აპრილიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება, სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.
ამასთან, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს, დაწესებულებებს და ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ამასთანავე, როგორც ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აკრძალულია თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით. თუმცა, 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია აღნიშნულ დიდ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.
ამასთან, ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები, ასევე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა გადაიხედოს.
27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია აღნიშნულ დიდ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით და არა სხვა მიზნებით, ხაზს ვუსვამ – მხოლოდ ფაქტობრივ მისამართზე დაბრუნების მიზნით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ, იურიდიულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, მოქმედი რეგულაციის მიხედვით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის, ძალაში რჩება
კომენდანტის საათის მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.
ამასთან, კვლავ გვსურს განვაცხადოთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე შესაძლოა მოხდეს როგორც მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება, ასევე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადის გადახედვა”,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.