კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, დედაქალაქის მერიამ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებსა და მცირე მეწარმეებს გარკვეული შეღავათები შესთავაზა, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ სოციალური ქსელით ვიდეო მიმართვისას განაცხადა.
მოსახლეობისადმი მიმართვაში, რომელშიც დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და მერის მოადგილეები მონაწილეობენ, ირაკლი ხმალაძემ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ღონისძიებების პირველ ეტაპზე, მთელი წლის გადასახდელი თანხისგან ღია კაფე-ბარების ის მეპატრონეები გათავისუფლდნენ, რომელთაც ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული; გარკვეული შეღავათი იმოქმედებს სამშენებლო ნებართვებით გათვალისწინებული ვადის დარღვევაზეც.
ირაკლი ხმალაძის განმარტებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სამი თვით (მარტი, აპრილი, მაისი) იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდა ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომელთაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ან ფართი, მერიისგან იჯარით აქვთ აღებული. შეთავაზებული შეღავათით სარგებლობს ქვემოიჯარეებიც; იურიდიული პირები, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის გამო საქმიანობა შეეზღუდათ, დასუფთავების მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან.
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან, ეკონომიკურ სექტორში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, რამაც კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობაზე გავლენა მოახდინა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქში არსებული ღია კაფეები, რაც დაახლოებით, 150 ერთეულს შეადგენს, გათავისუფლდნენ მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან. მსგავსი შეღავათი ასევე, შეეხო დაახლოებით, 600 მეწარმეს, რომელთაც მუნიციპალიტეტისგან აქვს აღებული ქონება და ისინი სამი თვის განმავლობაში, იჯარის საფასურისგან გათავისუფლდებიან. აღნიშნული ორი ღონისძიებისთვის, ჩვენ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები დაგვჭირდა, რისთვისაც მინდა, საქართველოს პარლამენტს მადლობა გადავუხადო. პანდემიის პირობებში, სამშენებლო ნებართვების ფარგლებში, მშენებლებსა და სხვადასხვა სამუშაოების მწარმოებლებს ვადები დაერღვათ. თბილისის მთავრობის მიერ უკვე გამოცემულია შესაბამისი განკარგულება და ყველა პირს, რომელსაც სანებართვო პირობების შესრულებაში ხელი შეეშალა, დამატებითი ვადა მიეცემა და მუნიციპალიტეტისგან არანაირი სანქცია არ დაეკისრება“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე განმარტებით, გარდა ამისა, გაიზარდა მუნიციპალური სერვისების მიმწოდებელი პირების რაოდენობა და 21 მარტიდან დღემდე, თბილისის მერიის ცხელი ხაზის თანამშრომლებმა, დაახლოებით, 220 000 ზარის მომსახურება შეძლეს; საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ონლაინ რეჟიმში მერიის ყველა სერვისის მოდიფიცირება მოხდა.
აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა წარადგინა, შეზღუდვების მოხსნის პირველი დღეს, 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინვაჭრობა სრულად; მიტანის სერვისი ნებისმიერ პროოდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.