ჯაფარიძე: ეპიდემიოლოგები მიიღებენ გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ იმსჯელებს მთავრობა, როდის იქნება შესაძლებელი ლენტეხის გახსნა

564

ეპიდემიოლოგები იმსჯელებენ, განიხილავენ რისკებს, მიიღებენ გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ იმსჯელებს მთავრობა, რამდენად შესაძლებელი იქნება ლენტეხის გახსნა და როდის, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ლენტეხში თვითიზოლაციიდან ყველა პირი მოხსნილია.

„ლენტეხში მშვიდი ვითარებაა. გუშინ აიღეს იმ ექიმების სინჯები, ვინც მონაწილეობა მიიღო კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მიღებაში. 11 ექიმია ასეთი და ყველას პასუხი იყო უარყოფითი. თვითიზოლაციიდან ყველა მოხსნილია. ეპიდემიოლოგები იმსჯელებენ, განიხილავენ რისკებს, მიიღებენ გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ იმსჯელებს მთავრობა, რამდენად შესაძლებელი იქნება ლენტეხის გახსნა და როდის. ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, რეგიონში სტაბილური სიტუაციაა და ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსზე საეჭვო პაციენტები არ იმყოფებიან.

„რეგიონში მშვიდი ვითარებაა. მასიური თერმოსკრინინგი სავარაუდოდ დღეს დასრულდება ლეჩხუმში, შემდეგ გადმოინაცვლებს ონის მიმართულებით. ზოგადად, არანაირი სიმპტომები არ გამოვლენილა, ცხელების ცენტრში საეჭვო პაციენტები არ არიან შეყვანილი და სტაბილური ვითარებაა. საგაზაფხულო სამუშაოებიც დროულად მიმდინარეობს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება აგრარულ ბაზრებს, ჯაფარიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ბაზრები არ გახსნილა, თუმცა სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას მოძრავი მაღაზიები ემსახურებიან.

„დეფიციტი არ არის რაც მთავარია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.