არჩილ თალაკვაძე: ტყუილია, თითქოს მმართველი პარტია რაღაც უპირატესობას იმკვიდრებს საარჩევნო კომისიაში

689

ტყუილია, თითქოს მმართველი პარტია რაღაც უპირატესობას იმკვიდრებს საარჩევნო კომისიაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, “თვითმმართველობის კოდექსში” შესატანი ცვლილებები მხოლოდ თვითმმართველობის გაძლიერებას ემსახურება.

“რაც შეეხება კანონმდებლობას, რომელსაც დღეს განვიხილავთ. ამ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ის არის, რომ საზოგადოება თქვენ შეგყავდათ შეცდომაში, როდესაც უთხარით, რომ ამ ცვლილებებით თითქოს მმართველი პარტია რაღაც უპირატესობას იმკვიდრებს საარჩევნო კომისიაში. ეს არის ტყუილი, რადგან ამ ცვლილებებით მმართველ პარტიას და ოპოზიციას ექნება პარიტეტი კომისიაში, ექნებათ თანაბარი რაოდენობის ადგილები, შესაბამისად, აქ რაღაც ხელის გადაგრეხვებზე რომ ესაუბრებოდით ხალხს, ეს არის ტყუილი.

იგივე შემიძლია გითხრათ თვითმმართველობის საკითხებზე. თვითმმართველობის გაძლიერების გარანტიები არის ახალ კონსტიტუციაში. ამ ცვლილებების მიზანი კი მხოლოდ და მხოლოდ არის თვითმმართველობის გაძლიერება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი