კალაძე: მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, ფიზიკურ პირებსა და ბიზნესსექტორს, რომ სწრაფად გამოვიდეთ კრიზისული მდგომარეობიდან

1244

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია მხარს უჭერს საკოორდინაციო საბჭოს მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას. როგორც მან გეგმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, თბილისის მერიას მზად აქვს იმ ოჯახების სრული ბაზა, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა. კალაძის თქმით, მერია მზად არის ამ პროექტის გატარების პროცესში მენეჯმენტი განახორციელოს.

„ამ რთულ ვითარებაში, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გამოვიდეთ ამ რთული და კრიზისული მდგომარეობიდან. წარმოდგენილი იყო, ასევე გახსნითი ღონისძიებების რამდენიმე ეტაპი და აქ, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. არ უნდა გავთამამდეთ, იმიტომ, რომ მტერი, რომელიც არსებობს ქვეყანაში, არსებობს მსოფლიოში. მას ვერ ვხედავთ და ამ ყველაფერს ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მე, როგორც ქალაქის მერი, გიდასტურებთ სრულ მხარდაჭერას და თანადგომას. ჩვენ მზად ვართ მთელი ჩვენი სამსახურებით, გამგეობებით, გვაქვს სრული ბაზები იმ ოჯახების და ადამიანების, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, სჭირდებათ თანადგომა, მზად ვართ, რომ პროექტის გატარების პროცესში მენეჯმენტი განვახორციელოთ. ამისათვის თითოეული თანამშრომელი მზად არის. როდესაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება დავიწყებთ პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ვირუსის პრევენციის თვალსაზრისით გაწეულ რეკომენდაციებს ასრულდებდა.

„მესმის, ეს არ იყო ჩვენი მხრიდან გადადგმული პოპულარული ნაბიჯები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ეს შეზღუდვები გაგვეკეთებინა, იმიტომ, რომ საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე. მაქსიმალურად ყველამ ერთად, რა თქმა უნდა, საზოგადოების ჩართულობით და დახმარებით უნდა გავითვალისინოთ ის მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომელზეც საუბარი გვიწევს“, – განაცხადა კალაძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც. 27 აპრილემდე აკრძალულია კერძო ავრომანქანებით გადაადგილებაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.