“პატრიოტთა ალიანსი” პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იზიარებს

737

“პატრიოტთა ალიანსი” პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იზიარებს, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შენიშვნების დიდი ნაწილის განხილვა პრეზიდენტთან ერთად მოხდა, ამიტომ დღეს, რიგგარეშე სესიაზე, ვეტოს საკითხის განხილვისას, მისი გუნდის წევრები პრეზიდენტის შენიშვნებს გაიზიარებენ.

“ვეთანხმებით პრეზიდენტის ვეტოს. ვიზიარებთ პრეზიდენტის შენიშვნებს. მითუმეტეს, ეს შენიშვნები ჩვენთან ერთად არის გაკეთებული. ჩვენ გავიარეთ პრეზიდენტთან ერთად არგუმენტებიც”, – განაცხადა ადა მარშანიამ.

პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლებამოსილება პარლამენტის მიერ მიღებულ სამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიყენა.

აქედან ერთი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების პროექტია, ხოლო ორი – ”საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებული სხვადასხვა კანონპროექტი.

წყარო: ინტერპრესნიუსი