საქართველოს მთავრობამ დღეს ანტიკრიზისული გეგმა უნდა წარმოადგინოს.
პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს სოციალური დახმარების, ბიზნესის დახმარების გეგმას, ასევე დღეს წარდგენილი იქნება შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმა.
მთავრობამ დღეს უნდა თქვას, როგორ განაწილდება ის 3 მილიარდი დოლარი, რომელიც საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებისგან და დონორებისგან დახმარების სახით მიიღო.
„ხელისუფლება, ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის წარმოდგენაც ეტაპობრივად დაიწყო. პირველ ეტაპზე გატარდა აუცილებელი ზომები, მათ შორის – სამი თვის კომუნალური გადასახადების დაფარვა მოსახლეობისთვის; ცხრა მთავარ სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, რომ ეს პროდუქტები არ გაძვირებულიყო; ბიზნესს დაუწესდა საგადასახადო შეღავათები; სამი თვით გადაუვადდათ სესხების მომსახურება მოქალაქეებს და ბიზნესს.
შემდეგი ეტაპი იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვა საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორებისგან, რაც მთავრობის უპრეცედენტო მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
ხელისუფლება ასეთივე თანმიმდევრული იქნება პოსტკრიზისული გეგმის შემუშავებისა და ეკონომიკური ცხოვრების ეტაპობრივი გააქტიურების პროცესში, რათა გლობალური პანდემიით გამოწვეული ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს“, – წერია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 431 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.