მერია: თბილისთან მოსაზღვრე დასახლებების მცხოვრებლებს დედაქალაქის რაიონების გამგებლები ეხმარებიან

1119

თბილისთან მოსაზღვრე და მასთან მჭიდრო ეკონომიკურ კავშირში მყოფი დასახლებების (ლისი, წოდორეთი, მუხათწყარო, ნაფეტვრები, კიკეთი, მსხალდიდი, წყლულეთი, მუხათგვერდი, ბევრეთი) მცხოვრებლებს თბილისის ტერიტორიულად მომიჯნავე გამგეობის წარმომადგენლები ეხმარებიან.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, გამგეობების წარმომადგენლები სოფლის რწმუნებულებთან ერთად, ადგილზე იმყოფებიან და მოსახლეობასთან მჭიდრო კონტაქტში არიან.

„გამგეობების წარმომადგენლები ადგილობრივებს ეხმარებიან როგორც საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების ნივთებით მომარაგებაში, ისე დროებითი საშვების გაცემის თვალსაზრისით. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების პირობებში, თბილისს შემოერთებული სოფლების მოსახლეობის სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში გასვლას გარკვეული დროის განმავლობაში, შესაბამისი გამგეობები უზრუნველყოფენ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22”,- აღნიშნულიამერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გაგრძელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 420 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა.