ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის „ინაუგურაცია“ დღეს გაიმართება

568

სტატიის გაგრძელება

დღეს სოხუმში გაიმართება აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეული ასლან ბჟანიას ინაუგურაცია.

კორონავირუს COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის პირობებში, ბჟანია ე.წ. პრეზიდენტის ფიცს ადმინისტრაციის შენობის დარბაზში დადებს.

დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სააგენტო „ტასს“ უთხრეს, რომ ცერემონიას პირველად არ დაესწრებიან უცხოელი სტუმრები, კერძოდ, „რუსეთის და სხვა მეგობარი ქვეყნების“ დელეგაციები. დარბაზში იქნებიან აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის და მთავრობის წევრები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელები, გენერალური პროკურორი, რუსეთის, „სამხრეთ ოსეთის“ და დნესტრისპირეთის ელჩები და სასულიერო პირები.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დარბაზში არ იქნება 60 კაცზე მეტი და დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდა. დეფაქტო საარჩევნო ადმინისტრციამ ხმების 56,5%-ით გამარჯვებულად გამოაცხადა ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია.

დეფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ინაუგურაცია, სოხუმში, დღეს უნდა გაიმართოს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ფიცს აფხაზურ ენაზე დადებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს მსოფლიოს არცერთი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია, გარდა რამდენიმე ქვეყნისა, რომელსაც აღიარებული აქვს აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“. მათ შორის არიან რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და სირია.