გორელოვკაში პოლიციის მისვლის შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალნენ, ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხდებიან. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„პოლიციის უფროსი მოვიდა და გვითხრა დაიშალეთ და რამდენიმე დღეში ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლები თვითონ შეგხვდებიანო. ხვალ ან ზეგ დაგვირეკავენ მერიიდან და საქმეს გადავწყვეტთ“,- თქვეს გორელოვკაში.
ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში ადგილობრივებმა აქცია დღეს, 22 აპრილს გამართეს. მათი განცხადებით, დაპირება, რომლითაც სოფელში საძოვრების და სასმელი წყლის პრობლემა უნდა მოგვარებულიყო, არ შესრულდა.
გორელოვკაში სასმელი წყლის და საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით ადგილობრივებმა აქცია მიმდინარე წლის იანვარშიც გამართეს, მაშინ მათ სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი შეხვდა, იგი დაპირდა აქციის მონაწილეეებს, რომ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა. დღეს ადგილობრივები სწორედ ამ პირობის შესრულებას ითხოვდნენ.