“დაგვიბრუნეთ წყალი და საძოვრები” – საპროტესტო აქცია გორელოვკაში

722

შემდეგი სტატია

ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, სოფელი წყლის და საძოვრების გარეშეა დარჩენილი, რადგან ჰექტრობით მიწა გორელოვკაში 4–5 კაცის მფლობელობაშია გადასული. მათ შორის არის ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანიც. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

დღეს, 20 იანვარს გორელოვკაში ადგილობრივები დილიდან შეიკრიბნენ, ისინი სოფელში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის და პარლამენტის დეპუტატის, ენზელ მკოიანის ასვლას ითხოვენ.

„ჩვენი პრობლემა ის არის, რომ 6–7 წელია წყალი არ გვაქვს. ზოგჯერ კვირაობით წყდება. ჩვენი ხარჯებით გამოვიყვანეთ წყალი და საკრებულოს თავმჯდომარე მოვიდა ასე არ შეიძლებაო. ჩვენ ვუთხარით შენს ბოსელს თუ ყოფნის ჩვენ რატომ არ გვეყოფა –მეთქი?! სოფლის საძოვრები 4–5 კაცს აქვს დაკავებული. ვითხოვთ რომ მოგვცენ წყალი, საძოვრები და მიწები. ხალხი ძროხებს ვეღარ ინახავს, ერთ ზოლზე აბალახებენ მხოლოდ“, – ამბობს გორელოვკაში მცხოვრები ავთო ლონდარიძე.

„წყალი არავის გვაქვს, დღეს მეორე გაკვეთილიდან ბავშვები გამოუშვეს სკოლიდან რადგან წყალი არ აქვთ და გათბობას ვერ რთავენ. ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მივმართეთ და ყურადღებას არ გვაქცევენ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

აქციის მონაწილეებთან იმყოფება სოფელში მერის წარმომადგენელიც, მისი თქმით, წყლის პრობლემა სოფელში მოგვარებადია, რაც შეეხება საძოვრებს, ყველა თანაბრად სარგებლობს.

„წყლის მარაგი არის, მაგრამ მილები ისეა გაკეთებული, რომ სოფელში არ მოდის, ამას გავაკეთებთ. ფერმა ყველას აქვს, აქ რა შუაშია საკრებულოს თავმჯდომარე?! გორელოვკაში ბევრი საძოვარია და ყველას თანაბრად აქვს“, – ამბობს ნინოწმინიდს მერის წარმომადგენელი სოფელ გორელოვკაში ლევონ არაქელიანი.

16 იანვარს სოფელ გორელოვკაში, სასმელ წყალთან დაკავშირებით, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარეს, სუმბატ კიურეღიანსა და ადგილობრივების შორის დაწყებული შელაპარაკება, ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარის შემდეგ კლინიკაში ორი დაშავებული გადაიყვანეს. საქმეზე ძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.