ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში ადგილობრივები საძოვრებისა და წყლის პრობლემას აპროტესტებენ

526

სტატიის გაგრძელება

ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში ადგილობრივები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, დაპირება, რომლითაც სოფელში საძოვრების და სასმელი წყლის პრობლემა უნდა მოგვარებულიყო, არ შესრულდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„ჩვენ დაგვპირდნენ რომ ეს საძოვრები, რომელიც ჩვენს სოფელს ეკუთვნის დაგვიბრუნებდნენ. დოკუმენტების გარეშე სხვა ადამიანებს აქვთ მიტაცებული. არ შესრულდა დაპირება და ხალხი ისევ გამოვიდა, მთელი სოფელი ვიკრიბებთ. გუბერნატორი დაგვპირდა მაშინდელ აქციაზე მაგრამ ისევ პრობლემაა“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რის მიხედვითაც სამზე მეტი პირის შეკრება აკრძალულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოციალურ დისტანციას იცავენ და აქციას ისე მართავენ, თუმცა ფოტოებში ჩანს რომ ეს წესი დარღვეულია.

ნინოწმინდის მერის, ანივარდ მოსოიანის თქმით, მოსახლეობასთან შესახვედრად სოფლის წარმომადგენელი უკვე წავიდა.

გორელოვკაში სასმელი წყლის და საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით ადგილობრივებმა აქცია მიმდინარე წლის იანვარშიც გამართეს, მაშინ მათ სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი შეხვდა, იგი დაპირდა აქციის მონაწილეეებს, რომ პრობლემის მოგვარებაში  დაეხმარებოდა. დღეს ადგილობრივები სწორედ ამ პირობის შესრულებას ითხოვენ.