შიდა ქართლში კიდევ ერთი ე. წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა. ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე მოწყობილი ე. წ. ცხელების ცენტრი ერთდროულად 35 პაციენტის მიღებას და მართვას შეძლებს.
ე.წ. ცხელების ახალ ცენტრში არსებულ მდგომარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო. გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, რეგიონის ტერიტორიაზე მოქმედი ცხელების ცენტრების რესურსი ამ ეტაპზე საკმარისია და შექმნილი ვითარების მართვა პრობლემების გარეშე ხდება.
“ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონში კიდევ ერთი ე. წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა და ცხელი ხაზის მეშვეობით მიღებული შეტყობინებების საფუძველზე უკვე პაციენტები მიიღო.
ამ დროისთვის, შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხელების 5 ზონაა მოწყობილი. თითოეული ცენტრი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო საშუალებით. ამ ეტაპზე, რეგიონში არსებული მდგომარეობის მართვისთვის არსებული სამედიცინო ცენტრების რესურსი საკმარისია“, – განაცხადა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა.
როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით ცხელების კლინიკები და ზონები შეიქმნა. მათი შექმნის მიზანს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთ მართვა წარმოადგენს.
ჯანდაცვის მინისტრის 30 მარტის ბრძანებით, შიდა ქართლში “ცხელების კლინიკებად” 4 სამედიცინო დაწესებულება განისაზღვრა. ესენია:
- გორი – შპს “გორმედი”; მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი N14ა;
- კასპი – შპს “მედალფა”; მისამართი: კასპი, გიორგი სააკაძის ქ. №27ბ;
- ქარელი – შპს “ალიანს მედი”; მისამართი: ქარელი, ფანასკერტელის ქუჩა N30;
- ხაშური – შპს “გორმედი”; მისამართი: ხაშური, ფარნავაზ მეფის ქუჩა N5.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 408 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 95 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 4.