“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, პარტია მხარს დაუჭერს ყველა გონივრულ შეზღუდვას, რაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად არის საჭირო, მაგრამ არსებული ფორმით და აბსურდული შეზღუდვებით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ.
“აბსურდულია მაგალითად, ცოლ-ქმრის დაჯარიმება ერთმანეთის გვერდით ჯდომისთვის, მანქანით გადაადგილების შეზღუდვა და კიდევ ბევრი სხვა რამე. უნდა იყოს მკაფიო კრიტერიუმები, სადაც შეუძლებელი იქნება, რომ ერთ სფეროში ერთი სუბიექტი დახურონ, სხვებმა კი, რატომღაც იმუშაონ”, – ამბობს ბოკერია.
მისივე თქმით, აუცილებელია კონკრეტული ეკონომიკური გეგმა, რაც გულისხმობს გადასახადების არსებით დაწევას, საპენსიო გადასახადის შეჩერებას და ამ ფულის ადამიანებისთვის დაბრუნებას.
“კონკრეტულად გაწერილი ნაბიჯების გარეშე, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას ამ უმძიმესი მდგომარეობიდან ნელნელა, რაც გულისხმობს პირდაპირ დახმარებას იმ ადამიანებისათვის, ვინც სამსახური დაკარგა, ვერ დავუჭერთ ასეთ რეჟიმს მხარს, რადგან ეს არის საზიანო ქვეყნისთვის”, – ამბობს ბოკერია.
საქართველოში დღეს, 21 აპრილს იწურება COVID-19-ის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად 21 მარტიდან გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მთავრობამ საგანგებოს 10 მაისამდე გახანგრძლივების მოთხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია რა პირობებით გაგძელდება საგანგებო მდგომარეობა, მოიხსნება თუ არა მანქანების გადაადგილების შეზღუდვა და შეიცვლება, თუ არა ის შეზღუდვები, რაც უკვე ერთი თვეა ქვეყანაში მოქმედებს.
პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 22 აპრილს დაამტკიცებს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 408 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 95 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 4.