სამწუხაროა, რომ ოპოზიცია, რეალურად, პოლიტიკური სპეკულირებით არის დაკავებული, როდესაც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს, რისი მიზანიცაა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, უკავშირებს ეკონომიკურ პროგრამას, მაშინ, როდესაც თავადაც კარგად ხედავენ, რომ მთავრობა რამდენად ეფექტურად მოქმედებს ეკონომიკური პრობლემების გამოწვევების მიმართულებით – 3 მილიარდი დოლარი უკვე მობილიზებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რაც, რა თქმა უნდა მიზნობრივად მოხმარდება ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას და ასევე დაიხარჯება სოციალური მიმართულებით“, – ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, COVID-19-ის შიდა გავრცელების საფრთხე უკვე რეალობაა და ბოლო სტატისტიკური მონაცემებით ვირუსით დაავადებულთა რიცხვი მზარდია. შესაბამისად, ლოგიკურია და აუცილებელია გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა.
„პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი, ერთად გამოაცხადებენ საგანგებო მდგომარეობას და პარლამენტი, სავარაუდოდ, 22 აპრილს, ოთხშაბათს დაამტკიცებს ამ გადაწყვეტილებას. საგანგებო მდგომაროების გაგრძელებას, რა თქმა უნდა, ექნება სრული მხარდაჭერა უმრავლესობის მხრიდან, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევას და ვიღებთ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება პროცედურებს, არავის უნდა ეგონოს, რომ აქამდე მოქმედი საგანგებო მდგომარეობა წყვეტას განიცდის – არა, როგორც კი პრეზიდენტი და პრემიერი ხელს მოაწერენ ამ ბრძანებას, ის დაუყოვნებლივ ძალაში შედის და შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ გრძელდება საგანგებო მდგომაროება. ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არავის ეგონოს, რომ საგანგებო მდგომარეობაში რაიმე წყვეტაა და მათ გარკვეული უფლებები აღუდგებათ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 408 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 95 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 4.