მთავრობამ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზეა ხელმისაწვდომი.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო პროგრამის მიზანია არასაფურაჟე ხორბლის და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება.
ასევე პროგრამის ამოცანას ქვეყანაში ხორბლის და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მარაგების შექმნის სტიმულირება წარმოადგენს.
პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის საქართველოში ხორბლის იმპორტის მიზნით სუბსიდირებას, შემდეგი პირობებით: სააგენტოს მიერ გამოცხადდება მოწვევა ინტერესთა გამოხატვის შესახებ, რომლის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარები მოახდენენ განაცხადის გაკეთებას სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ ტონა ხორბალზე არაუმეტეს 40 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში;
პროგრამის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე სუბსიდია განხორციელდება არანაკლებ 2000 და არაუმეტეს 40 000 ტონა მოცულობის ხორბალზე;
სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით იმპორტირებულ ხორბალზე.
სუბსიდირება არ განხორციელდება „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №185 დადგენილების ფარგლებში იმპორტირებულ ხორბალზე.
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად 5 200 000 ლარი გამოიყო.
პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში იმპორტირებული ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული/მისაღები შესაბამისი მოცულობის პირველი ხარისხის ფქვილის რეალიზაცია განახორციელოს ერთ 50 კგ-იან ტომარაზე არაუმეტეს 51 ლარად სუბსიდირების ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 თვის განმავლობაში. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრება მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 50 000 ლარისა.
ინფორმაციას განაცხადების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადების შესახებ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო განათავსებს ვებგვერდზე www.arda.gov.ge.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 408 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 95 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 4.