ქობულეთის მერი: თერმოსკრინინგი 11 000 ადამიანს ჩაუტარდა

529

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით,  მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

როგორც ქათამაძემ განუცხადა, თერმოსკრინინგი უკვე, დაახლოებით, 11 ათას ადამიანს ჩაუტარდა და ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება კვლავ გრძელდება.

„ამ დროისთვის მთლიანად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიმშვიდეა. ზედმიწევნით სრულდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებულია. ქობულეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ამჟამინდელი მონაცემებით, რაც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, სულ 23 ადამიანია ინფიცირებული. შესაბამისად, ინტენსიურად მიმდინარეობს ნიმუშების აღება, ასევე კონტაქტებისთვის ტესტირების ჩატარება, რომელიც დაახლოებით 460 ადამიანს აღემატება. ეს რიცხვი ჯერჯერობით არ იზრდება. მაქსიმალურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, დაახლოებით 11 ათასი ადამიანია გამოკვლეული, აქედან დაახლოებით 27 საყურადღებო შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ყველა ასეთი შემთხვევა გამოკვლეულია და პასუხები უარყოფითია. ეს პროცესი ასევე გაგრძელდება და მოიცავს არა მარტო იმ სოფლებს, რომელიც ახლა საკარანტინო ზონაში იმყოფება, არამედ მიმდებარე სოფლების მოსახლეობასაც“,- აცხადებს ქათამაძე.

მისი განმარტებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც კარანტინის რეჟიმი მოქმედებს, მედიკამენტების ან სასურსათო პროდუქტების მიწოდების თვალსაზრისით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს.

„იცით, რომ 12 აპრილიდან ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. 12 აპრილიდან ყოველდღე არის მობილური ბაზრები. სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას ჩვენი მობილური ჯგუფები ამარაგებენ სურსათით, თუკი მედიკამენტზე გარკვეული სახის მოთხოვნაა, მობილური ჯგუფები მოსახლეობას აწვდიან. პოსტზე ჩვენი ექიმების ჯგუფი მორიგეობს. ისინი კონსულტაციას უწევენ მოქალაქეებს, რომლებსაც სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობა აქვთ. შესაბამისად, თუკი არსებობს რაიმე სახის გადაუდებელი აუცილებლობა სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით, ასეთი ავტომობილების დაშვება ხდება, თუკი არის გეგმური მომსახურება, შესაბამისი ცნობის საფუძველზე, ასეთ ვითარებას შსს აკონტროლებს. გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში პროდუქტების ან მედიკამენტების კუთხით რაიმე სახის გამოკვეთილი პრობლემა არ არსებობს“,-აცხადებს მირიან ქათამაძე.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ქობულეთის ოთხ სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 12 აპრილს დაწესდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.  ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 399 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 93 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 4.