მედიკამენტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს საქართველოს ფოსტა სახლში უსასყიდლოდ მოგაწვდით

585

საქართველოს ფოსტა მედიკამენტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს მოქალაქეებს სახლში უსასყიდლოდ მიაწვდის, – ამის შესახებ მთავრობის 16 აპრილის განკარგულებაშია აღნიშნული.

კერძოდ, ცვლილება კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმით, სხვადასხვა უწყებებისთვის განსაზღვრულ ძირითად ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებში შევიდა.

“შპს „საქართველოს ფოსტამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან/და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავალების საფუძველზე უზრუნველყოს სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების, აგრეთვე დავალებით განსაზღვრული სხვა ნებისმიერი შიგთავსის მქონე საფოსტო გზავნილის საცხოვრებელ მისამართებზე უსასყიდლოდ მიწოდება,“ – ნათქვამია განკარგულებაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.   ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 370 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 79 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.