ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „სოკარ ჯორჯია გაზს“ პურის ქარხნებისა და საცხობებისთვის გაზის ტარიფის შემცირების გამო მადლობას უხდის.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმციით, საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა.
მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში აღნიშნული ობიექტები 1 კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაიხდიან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის.
მინისტრმა კომპანიის ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 370 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 79 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.