რუხის საავადმყოფო გაიხსნა, კლინიკა 72 პაციენტს მიიღებს

3169

რუხის საავადმყოფომ ფუნქციონირება დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკა 72 პაციენტს მიიღებს.

„ამ ეტაპზე არის 35 ექიმი მობილიზებული. რუხის საავადმყოფო იფუნქციონირებს როგორც საავადმყოფო და მას დღეს აქვს რესურსი, რომ მიიღოს 72 პაციენტი, აქედან 14 რთული პაცინეტი. ჩვენ ვაძლიერებთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც რუხის საავამდყოფოს გააჩნია. ეტაპობრივად მოხდება ამ რიცხვის გაორმაგება და შემდეგ ჩვენ ავალთ რუხის საავადმყოფოს სრულ მოცულობაზე, რომელიც არის 220 საწოლზე გაშლილი. ამ ეტაპისთვის მოემსახურება დაავდებულ პაციენტებს და ჩაერთვება სრულად კოვიდ ინფექციის მართვაში“, – განაცხადა მინისტრმა რუხის საავადმყოფოს გახსნაზე.

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, საავადმყოფო პაციენტებს მოემსახურება იმ სერვსებით, რასაც „ცხელების ცენტრი” ითვალისწინებს.

„72 პალატაში მოვახდენთ ე.წ. ცხელების ცენტრით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მათ შორის ადამიანების ტესტირებას, დაკვირვებას. ამავდროულად ეს კლინიკა ითამაშებს მნიშვნელოვან როლს, როგორც სამეგრელოს რეგიონში, ასევე დასავლეთ საქართველოში და ასევე, საშუალება ექნებათ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ ჩვენს თანამოქალაქეებს იმკურნალონ ამ დაწესებულებაში“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

რუხის საავადმყოფო პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქეთევან ციხელაშვილთან და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად 28 მარტს დაათვალიერა. სწორედ მაშინ განაცხადა მთავრობის მეთაურმა, რომ მრავალპროფილური კლინიკა მოქალაქეებს კორონავირუსის სამკურნალოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან მიიღებდა.

2014 წლის ოქტომბერში დაწყებული საავადმყოფოს მშენებლობის დასრულება რამდენჯერმე  გადავადდა. თავდაპირველი განცხადებით, ის 2018 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ პროექტში გარკვეული სახის ცვლილებები შევიდა და მშენებლობაც დაზუსტებული პროექტით გაგრძელდებოდა. ის 220 საწოლზეა გათვლილი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით  გადაადგილება.  ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 370 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 79 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.